პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება (სავალდებულო)
როდესაც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის განკუთვნილ ჩვენს სერვისებს იყენებთ, OpenAI აგროვებს და იყენებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ქვემოთ აღწერილი წესით. ჩვენი ბიზნესპროდუქტების, მაგალითად, API-ის მომხმარებლების სახელით დამუშავებული შიგთავსის ჩვენ მიერ გამოყენებას არეგულირებს ამ პროდუქტებთან დაკავშირებული მომხმარებელთა ხელშეკრულებები. იხილეთ ჩვენი კორპორაციული კონფიდენციალურობის გვერდი.
შესაგროვებელი პერსონალური ინფორმაციის სახეები:
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ჩვენი სერვისების გამოსაყენებლად ანგარიშის შექმნისას ან ჩვენთან კომუნიკაციისას:
ანგარიშის ინფორმაცია: როდესაც ჩვენთან ანგარიშს ქმნით, ვაგროვებთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას, ანგარიშზე შესასვლელ მონაცემებს, დაბადების თარიღს, გადახდის ინფორმაციასა და ტრანზაქციების ისტორიას (ერთობლივად — „ანგარიშის ინფორმაცია“). ჩვენი ზოგიერთი სერვისი ასევე გაძლევთ საშუალებას, ანგარიშის ინფორმაციას დაამატოთ პროფილის სურათი, მომხმარებლის სახელი ან სხვა ინფორმაცია.
მომხმარებლის შიგთავსი: ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენს სერვისებში შეყვანისას გვაწვდით („შიგთავსი“), მათ შორის, თქვენს პრომპტებსა და თქვენ მიერ ატვირთულ სხვა შიგთავსს, როგორიცაა ფაილები, სურათები, აუდიო და ვიდეო, Sora-ს პერსონაჟები, ასევე მონაცემებს დაკავშირებული სერვისებიდან, იმის მიხედვით, თუ რომელ ფუნქციებს იყენებთ. ჩვენი ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ, იურთიერთოთ სხვა მომხმარებლებთან, მაგალითად, გამოაქვეყნოთ პოსტები, დაწეროთ კომენტარები ან გაგზავნოთ შეტყობინებები. ასეთ ურთიერთქმედებებსაც შიგთავსად მივიჩნევთ.
კომუნიკაციის ინფორმაცია: თუ ჩვენთან კომუნიკაციას ამყარებთ, მაგალითად, ელფოსტით ან სოციალური მედიის საიტებზე ჩვენი გვერდების მეშვეობით, შესაძლოა შევაგროვოთ ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენ მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების შიგთავსი („კომუნიკაციის ინფორმაცია“).
კონტაქტების მონაცემები: თუ თქვენი მოწყობილობის კონტაქტების დაკავშირებას აირჩევთ, ავტვირთავთ ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის მისამართების წიგნებიდან და შევამოწმებთ, თუ რომელი კონტაქტი იყენებს ჩვენს სერვისებს. თუ რომელიმე თქვენი კონტაქტი ჯერ არ იყენებს ჩვენს სერვისებს და მოგვიანებით დარეგისტრირდება, ამის შესახებ შეგატყობინებთ.შეიტყვეთ მეტი თქვენი კონტაქტების დაკავშირების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ატვირთულ საკონტაქტო ინფორმაციას იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩვენს სერვისებს არ იყენებენ.
თქვენ მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია: ვაგროვებთ პასუხებს, რომლებსაც გვაწვდით ჩვენს ღონისძიებებსა თუ გამოკითხვებში მონაწილეობისას, და ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ჩვენ ან ჩვენი სახელით მოქმედ მომსახურების მომწოდებელს თქვენი ვინაობის ან ასაკის დასადგენად.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სერვისებზე თქვენი ვიზიტის, მათი გამოყენების ან მათთან ურთიერთქმედებისას:
ჟურნალის მონაცემები: ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი ან მოწყობილობა ავტომატურად აგზავნის ჩვენი სერვისების გამოყენებისას. ჟურნალის მონაცემები მოიცავს თქვენს IP მისამართს, ბრაუზერის ტიპსა და პარამეტრებს, თქვენი მოთხოვნის თარიღსა და დროს და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებთ ჩვენს სერვისებთან.
გამოყენების მონაცემები: ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ, მაგალითად, რა ტიპის შიგთავსს ათვალიერებთ ან რასთან ურთიერთქმედებთ, რომელ ფუნქციებს იყენებთ და რა მოქმედებებს ასრულებთ. ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი დროის სარტყლის, ქვეყნის, წვდომის თარიღებისა და დროის, იმ ზოგადი არეალის შესახებ, საიდანაც თქვენი მოწყობილობა სერვისებს უკავშირდება, მომხმარებლის აგენტისა და მისი ვერსიის, კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ტიპისა და თქვენი კომპიუტერის კავშირის შესახებ. თუ Atlas ბრაუზერს იყენებთ, შესაძლოა ასევე შევაგროვოთ თქვენი ბრაუზერის მონაცემები თქვენი პარამეტრებისა და სერვისის გამოყენების შესაბამისად.
რეკლამების მონაცემები: Free და Go გეგმების მომხმარებლებისგან, მათი არჩევანისა და პარამეტრების შესაბამისად, ვაგროვებთ ინფორმაციას რეკლამების ისტორიისა და ინტერესების შესახებ, მაგალითად, რა ტიპის სარეკლამო შიგთავსს ათვალიერებენ ან რასთან ურთიერთქმედებენ.
მოწყობილობის ინფორმაცია: ვაგროვებთ ინფორმაციას იმ მოწყობილობის შესახებ, რომლითაც სერვისებზე წვდომას იღებთ, მაგალითად, მოწყობილობის სახელს, ოპერაციულ სისტემას, მოწყობილობის იდენტიფიკატორებსა და ინფორმაციას თქვენ მიერ გამოყენებული ბრაუზერის შესახებ. შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა დამოკიდებული იყოს თქვენი მოწყობილობის ტიპსა და მის პარამეტრებზე.
ქუქი-ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიები: ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ვიყენებთ ჩვენი სერვისების მუშაობისა და ადმინისტრირებისთვის, ასევე სერვისებით სარგებლობის გასაუმჯობესებლად. კონფიდენციალურობის წესებში აღწერილი ინფორმაციის ნაწილს ქუქი-ფაილებით ვინახავთ, მაგალითად, რათა შევინარჩუნოთ თქვენი სასურველი პარამეტრები დათვალიერების სხვადასხვა სესიაში, როცა ანგარიშში შესული არ ხართ, ან ხელი შევუწყოთ ავთენტიფიკაციასა და მომხმარებელთა მხარდაჭერას. ჩვენ მიერ ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ დეტალებისთვის გაეცანით ჩვენს შეტყობინებას ქუქი-ფაილების შესახებ.
შეგროვებისა და გამოყენების მიზანი:
ჩვენი სერვისების მოწოდება, ანალიზი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, მაგალითად, ChatGPT-სთვის დასმულ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა;
ჩვენი სერვისების გაუმჯობესება და განვითარება და კვლევების ჩატარება, მაგალითად, პროდუქტის ახალი ფუნქციების შესაქმნელად;
ჩვენი სერვისების თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგება, მაგალითად, თქვენთვის უფრო რელევანტური შიგთავსის მოწოდება;
თქვენთვის ChatGPT-ში რეკლამების ჩვენება, აგრეგირებული მონაცემებით იმის შესწავლა, თუ როგორ ურთიერთქმედებენ მომხმარებლები ამ რეკლამებთან, და ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება რეკლამების ხარისხის გასაუმჯობესებლად. შეიტყვეთ მეტი ChatGPT-ში რეკლამების შესახებ;
თქვენთან კომუნიკაცია, მათ შორის, თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა და ჩვენი სერვისებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა, მაგალითად, სერვისებში ცვლილებების ან გაუმჯობესებების შესახებ;
თქვენი კონტაქტების დაკავშირების შემთხვევაში იმის დადგენა, თუ რომელი მათგანი იყენებს ჩვენს სერვისებს, და თქვენთვის შეტყობინება, თუ ისინი ჩვენს სერვისებს მოგვიანებით შემოუერთდებიან;
თაღლითობის, უკანონო საქმიანობისა და ჩვენი სერვისების ბოროტად გამოყენების პრევენცია, მათ შორის, ჩვენს პლატფორმებზე წარდგენილი ან გაცვლილი ნებისმიერი შიგთავსის მონიტორინგით (მეტი შეიტყვეთ აქ); და
სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება და ჩვენი მომხმარებლების, OpenAI-ის ან მესამე მხარეების უფლებების, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა თუ ქონების დაცვა, მაგალითად, თქვენთვის ან სხვებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება ან თქვენი ასაკის სავარაუდოდ განსაზღვრა, რათა სერვისით სარგებლობა თქვენს ასაკს მოვარგოთ.
შენახვისა და გამოყენების ვადა:
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას შევინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა თქვენთვის ჩვენი სერვისების მოსაწოდებლად ან სხვა კანონიერი საქმიანი მიზნებისთვის, როგორიცაა დავების გადაწყვეტა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ან ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება. პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა დამოკიდებულია მონაცემების ტიპზე, მათი გამოყენების წესსა და, ხშირ შემთხვევაში, თქვენს პარამეტრებზე. მაგალითად:
ინფორმაცია, რომელსაც ვინახავთ, სანამ თავად არ წაშლით: ჩვენი ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ, წაშალოთ თქვენს ანგარიშში შენახული პერსონალური ინფორმაცია. მაგალითად, შეგიძლიათ წაშალოთ ChatGPT-ში ცალკეული ან ყველა საუბარი, კონკრეტული შენახული მოგონებები ან თქვენი ანგარიში. როდესაც პერსონალური ინფორმაციის წაშლას აირჩევთ, მას ჩვენი სისტემებიდან 30 დღის განმავლობაში წავშლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა, ქვემოთ აღწერილი მიზეზებით, მისი უფრო დიდხანს შენახვა გვჭირდება, ან ინფორმაცია უკვე დეიდენტიფიცირებულია და თქვენს ანგარიშთან აღარ არის დაკავშირებული, რადგან ნება დაგვრთეთ, თქვენი შიგთავსი ჩვენი მოდელების გასაუმჯობესებლად გამოგვეყენებინა.
ინფორმაცია, რომელსაც ავტომატურად ვშლით: ზოგ შემთხვევაში პერსონალური ინფორმაცია ავტომატურად წაიშლება. მაგალითად, დროებითი ჩატები ავტომატურად წაიშლება 30 დღის განმავლობაში (თუ უსაფრთხოების ან სამართლებრივი მიზეზებით მათი შენახვა არ გვევალება, როგორც ქვემოთაა აღწერილი), ხოლო თქვენი Atlas-ში ინკოგნიტო რეჟიმით დათვალიერების ისტორია სესიის დასრულების შემდეგ არ შეინახება.
ინფორმაცია, რომელსაც უფრო დიდხანს ვინახავთ უსაფრთხოებასთან, დაცვასთან ან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული კანონიერი მიზეზებით: ზოგ შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციის უფრო დიდხანს შენახვა გვჭირდება თქვენ მიერ მისი წაშლის შემდეგაც, მაგალითად, კანონის მოთხოვნის გამო, თაღლითობასა და ბოროტად გამოყენებასთან საბრძოლველად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ფინანსური აღრიცხვის მიზნით. მაგალითად:
თუ კონკრეტული შიგთავსი ან თქვენი ანგარიში ჩვენი გამოყენების წესების დარღვევის გამო დაიბლოკება, შესაძლოა ეს მონაცემები შევინახოთ ჩვენი სერვისების თაღლითობისგან, ბოროტად გამოყენებისგან ან ჩვენი წესების სხვა დარღვევებისგან დასაცავად;
თუ კანონი თქვენი მონაცემების შენახვას გვავალდებულებს (მაგალითად, მივიღებთ მათ წარდგენაზე კანონიერ სასამართლო მოთხოვნას), შესაძლოა ისინი შესაბამისი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულების მოქმედების ვადით შევინახოთ;
როდესაც ფინანსური ტრანზაქციის მხარე ვართ (მაგალითად, ვამუშავებთ თქვენს გადახდას ChatGPT Plus ან Pro ანგარიშისთვის, ან ხელს ვუწყობთ შესყიდვას ChatGPT-ში), შესაძლოა შევინახოთ გადახდასა და ტრანზაქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის, დავების გადაწყვეტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მიზნით;
როდესაც თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლას გვთხოვთ, ვინახავთ წაშლის მოთხოვნის აუდიტის ჩანაწერს, რათა შევძლოთ დავადასტუროთ, რომ მოთხოვნა შევასრულეთ.
შენახვის ამ ვადების განსაზღვრისას ვითვალისწინებთ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის:
პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზანს (მაგალითად, საჭიროა თუ არა მისი შენახვა ჩვენი სერვისების მოსაწოდებლად);
ინფორმაციის მოცულობას, ხასიათსა და სენსიტიურობას;
უნებართვო გამოყენებით ან გამჟღავნებით ზიანის მიყენების პოტენციურ რისკს;
ყველა სამართლებრივ მოთხოვნას, რომელიც ჩვენზე ვრცელდება.
შეგიძლიათ უარი თქვათ ზემოთ აღწერილი წესით პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე თანხმობის მიცემაზე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ვებსაიტზე თქვენი რეგისტრაცია შეიზღუდება.
პერსონალური ინფორმაციის მესამე მხარეებისთვის მიწოდება/საზღვარგარეთ გადაცემა (სავალდებულო)
გარკვეულ გარემოებებში OpenAI-მ შესაძლოა მესამე მხარეებს მიაწოდოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ზემოთ, განყოფილებაში „შესაგროვებელი პერსონალური ინფორმაციის სახეები“, არის მითითებული, ქვემოთ აღწერილი კონკრეტული და შეზღუდული მიზნებისთვის:
სახელმწიფო ორგანოები ან სხვა მესამე მხარეები: კანონის შესაბამისად, შესაძლოა თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია ჩვენს სერვისებთან თქვენი ურთიერთქმედების შესახებ, გავუზიაროთ სახელმწიფო ორგანოებს, ჩვენს სფეროში მოქმედ სხვა ორგანიზაციებს ან სხვა მესამე მხარეებს: (i) თუ ეს სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად მოგვეთხოვება ან კეთილსინდისიერად გვჯერა, რომ ასეთი ქმედება აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად; (ii) ჩვენი უფლებების ან ქონების დასაცავად; (iii) თუ ჩვენი შეხედულებისამებრ დავადგენთ, რომ ირღვევა ჩვენი პირობები, წესები ან კანონი; (iv) თაღლითობის ან სხვა უკანონო საქმიანობის გამოსავლენად ან თავიდან ასაცილებლად; (v) ჩვენი პროდუქტების, თანამშრომლების, მომხმარებლების ან საზოგადოების უსაფრთხოების, დაცულობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; ან (vi) სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დასაცავად.
აფილირებული პირები: შესაძლოა პერსონალური ინფორმაცია გავუმჟღავნოთ ჩვენს აფილირებულ პირებს, ანუ სუბიექტებს, რომლებიც აკონტროლებენ OpenAI-ს, მის მიერ კონტროლდებიან ან მასთან ერთად საერთო კონტროლს ექვემდებარებიან. ჩვენმა აფილირებულმა პირებმა ეს პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გამოიყენონ ჩვენი კონფიდენციალურობის წესების შესაბამისად.
ბიზნესანგარიშის ადმინისტრატორები: როდესაც ChatGPT Enterprise-ის ან ბიზნესანგარიშს უერთდებით, ამ ანგარიშის ადმინისტრატორებს შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ თქვენს OpenAI ანგარიშზე და აკონტროლებდნენ მას, მათ შორის, წვდომა ჰქონდეთ თქვენს შიგთავსზე. გარდა ამისა, თუ ანგარიშს თქვენი დამსაქმებლის ან სხვა ორგანიზაციის კუთვნილი ელფოსტის მისამართით შექმნით, შესაძლოა თქვენს დამსაქმებელს ან ორგანიზაციას გავუზიაროთ ანგარიშის ქონის ფაქტი და ანგარიშის გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი ელფოსტის მისამართი, რათა, მაგალითად, შესაძლებელი გახდეს თქვენი მათ ბიზნესანგარიშში დამატება.
სხვა მომხმარებლები და მესამე მხარეები, რომლებთანაც ურთიერთობთ ან რომლებსაც ინფორმაციას უზიარებთ: ზოგიერთი სერვისი საშუალებას გაძლევთ, იურთიერთოთ სხვა მომხმარებლებთან ან მესამე მხარეებთან, ან ინფორმაცია გაუზიაროთ მათ. მაგალითად, შეგიძლიათ გააზიაროთ ისეთი შიგთავსი, როგორიცაა ChatGPT-ის საუბრები ან Sora-ს ვიდეოები და პერსონაჟები, ან ინფორმაცია გაუზიაროთ მესამე მხარე პარტნიორებს ძიებისა და შოპინგის სფეროში. მესამე მხარე პარტნიორებისთვის გაზიარებულ ინფორმაციაზე ვრცელდება მათი საკუთარი პირობები და კონფიდენციალურობის წესები. ინფორმაციის გაზიარებამდე დარწმუნდით, რომ გესმით ეს პირობები და წესები.
საჭიროებისამებრ, დროდადრო ეს ინფორმაცია შესაძლოა სატელეკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით კორეისა და აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნებშიც გამჟღავნდეს.
შეგიძლიათ უარი თქვათ პერსონალური ინფორმაციის მიწოდებაზე ან/და გადაცემაზე თანხმობის მიცემაზე — არ განაცხადოთ თანხმობა ან დაგვიკავშირდეთ კორეისთვის განკუთვნილ კონფიდენციალურობის წესების დანართში მითითებული საკონტაქტო მონაცემებით. თუმცა, თუ თანხმობის მიცემაზე უარს იტყვით, ვებსაიტზე თქვენი რეგისტრაცია შეიზღუდება.
