მორგებული აუდიტორიების მეშვეობით შეგიძლიათ ChatGPT-რეკლამებში თქვენი არსებული ან პოტენციური მომხმარებლების სიები გამოიყენოთ.
როგორ მუშაობს მორგებული აუდიტორიები
მორგებული აუდიტორიები იქმნება არსებული ან პოტენციური მომხმარებლების სიებიდან, ელფოსტის მისამართების, ტელეფონის ნომრების, ჰეშირებული ელფოსტის მისამართების, ჰეშირებული ტელეფონის ნომრების ან Google-ის სარეკლამო იდენტიფიკატორების (GAID) გამოყენებით. მორგებული აუდიტორიების შექმნა და მართვა რეკლამების მმართველში შეგიძლიათ. აუდიტორიის შექმნის შემდეგ მისი გამოყენება ChatGPT-რეკლამებში შემდეგნაირად შეგიძლიათ:
ჩართვა კამპანიის დონეზე: ჩასართავი აუდიტორიების გამოყენებით შეზღუდეთ კამპანიის ჩვენება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც ერთ ან რამდენიმე არჩეულ აუდიტორიაში შედიან. ეს დაგეხმარებათ, მიწვდეთ თქვენთვის ნაცნობ მომხმარებლებს, შერჩევის კრიტერიუმების შესაბამის პოტენციურ მომხმარებლებს ან აუდიტორიებს, რომლებსაც კონკრეტული კამპანია გსურთ მიმართოთ.
გამორიცხვა კამპანიის დონეზე: გამოსარიცხი აუდიტორიების გამოყენებით თავიდან აიცილეთ კამპანიის ჩვენება არჩეულ აუდიტორიებში შემავალი ადამიანებისთვის. ეს დაგეხმარებათ, არ აჩვენოთ რეკლამა არსებულ მომხმარებლებს, მათ, ვინც ახლახან შეიძინა თქვენგან პროდუქტი, ან აუდიტორიებს, რომლებმაც კონკრეტული კამპანია არ უნდა ნახონ.
რეკლამების ჯგუფში შეთავაზებული ფასის კორექტირება აუდიტორიის მიხედვით: ფასის კოეფიციენტით გაზარდეთ ან შეამცირეთ რეკლამების ჯგუფის მაქსიმალური შეთავაზებული ფასი, როდესაც მნახველი არჩეულ მორგებულ აუდიტორიას შეესაბამება. ეს დაგეხმარებათ, თქვენთვის განსაკუთრებით ღირებული მომხმარებლებისთვის უფრო კონკურენტული ფასი შესთავაზოთ, ხოლო ნაკლებად პრიორიტეტული აუდიტორიებისთვის — უფრო შერჩევით იმოქმედოთ.
გაითვალისწინეთ, რომ აუდიტორიების ჩართვისა და აუდიტორიის მიხედვით შეთავაზებული ფასის კორექტირებისთვის საჭიროა სულ მცირე 25 000 მომხმარებელი, რომლის შესაბამისობაც დადასტურდა. აუდიტორიები, რომლებშიც 25 000-ზე ნაკლები მომხმარებლის შესაბამისობა დადასტურდა, შეგიძლიათ გამორიცხვისთვის გამოიყენოთ. ჩართვით ტარგეტირებისთვის ან შეთავაზებული ფასის კორექტირებისთვის გირჩევთ, გამოიყენოთ სულ მცირე 100 000 მომხმარებლისგან შემდგარი აუდიტორიები.
მორგებული აუდიტორიები გამოიყენება მთლიანად აუდიტორიის დონეზე მართვისთვის. რეკლამების მმართველი არ აჩვენებს ცალკეულ მომხმარებლებს, რომელთა შესაბამისობაც დადასტურდა, და არ გაძლევთ აუდიტორიიდან კონკრეტული ადამიანების არჩევის საშუალებას.
მორგებული აუდიტორიების შექმნა
აუდიტორიის ფაილის მომზადება
მოამზადეთ UTF-8 კოდირების გამართული CSV ან TXT ფაილი, რომლის ზომაც არ აღემატება 500 მბ-ს, ანუ 500 000 000 ბაიტს. დასაშვებია UTF-8 BOM-ის გამოყენება.
აუდიტორიები შეიძლება 5 000 000-ზე მეტ წევრს შეიცავდეს. საჭიროების შემთხვევაში, აუდიტორიის შექმნის შემდეგ წევრები რამდენიმე ატვირთვით დაამატეთ.
ატვირთული ფაილები შეიძლება შეიცავდეს შემდეგ იდენტიფიკატორებს: ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, SHA-256-ით ჰეშირებული ელფოსტის მისამართი, SHA-256-ით ჰეშირებული ტელეფონის ნომერი ან Google-ის სარეკლამო იდენტიფიკატორი (GAID). ერთ ატვირთულ CSV ფაილში შეგიძლიათ მხარდაჭერილი ტიპების სხვადასხვა იდენტიფიკატორი გააერთიანოთ.
TXT ფაილის თითოეულ ხაზზე მხოლოდ ერთი იდენტიფიკატორი უნდა იყოს.
CSV ფაილები უნდა შეიცავდეს სათაურების მწკრივს. სათაურების მწკრივში ფაილში არსებული იდენტიფიკატორის თითოეული ტიპისთვის მიუთითეთ სვეტის მხარდაჭერილი სახელი, მაგალითად: email, phone_number, email_sha256, phone_number_sha256 ან gaid.
მორგებული აუდიტორიის შექმნის შემდეგ რეკლამების მმართველში შეგიძლიათ წევრების დამატება, წაშლა ან ჩანაცვლება ისე, რომ არც აუდიტორიის ხელახლა შექმნა დაგჭირდეთ და არც იმ კამპანიებისა და რეკლამების ჯგუფების განახლება, რომლებიც მას უკვე იყენებს.
სიის ატვირთვამდე გაეცანით მორგებული აუდიტორიებით სარგებლობის პირობებსა და მონაცემთა გამოყენების მოთხოვნებს.
რეკლამების მმართველში მორგებული აუდიტორიის შესაქმნელად:
რეკლამების მმართველში, მარცხენა გვერდითა პანელზე, გაშალეთ „ხელსაწყოები“.
აირჩიეთ „აუდიტორიები“.
აირჩიეთ „აუდიტორიის შექმნა“.
შეიყვანეთ აუდიტორიის სახელი.
ატვირთეთ აუდიტორიის ფაილი.
თუ TXT ფაილს ტვირთავთ, აირჩიეთ ასატვირთი იდენტიფიკატორის ტიპი: ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, SHA-256-ით ჰეშირებული ელფოსტის მისამართი, SHA-256-ით ჰეშირებული ტელეფონის ნომერი ან Google-ის სარეკლამო იდენტიფიკატორი (GAID). სათაურების მქონე CSV ფაილებში რეკლამების მმართველი იდენტიფიკატორის ტიპს სათაურის მიხედვით განსაზღვრავს.
შეამოწმეთ დეტალები, შემდეგ აირჩიეთ „შექმნა“.
მორგებული აუდიტორიის შექმნის შემდეგ, სანამ მის გამოყენებას შეძლებთ, რეკლამების მმართველი ფაილს ამუშავებს. დამუშავებას, ჩვეულებრივ, დაახლოებით 20–30 წუთი სჭირდება, თუმცა დრო ფაილის ზომაზეა დამოკიდებული.
გაითვალისწინეთ, რომ ატვირთული მწკრივების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს საბოლოო აუდიტორიის ზომისგან, რადგან არასწორი ან დუბლირებული მნიშვნელობები და იდენტიფიკატორები, რომელთა შესაბამისობა ვერ დადასტურდა, შესაბამის მომხმარებელთა რაოდენობაში არ ითვლება.
აუდიტორიის სტატუსი აჩვენებს, შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება:
„მუშავდება“ ნიშნავს, რომ ფაილის დამუშავება ჯერ მიმდინარეობს და აუდიტორია მზად არ არის.
„მზადაა“ ნიშნავს, რომ აუდიტორია დამუშავებულია და მისი გამოყენება შესაძლებელია. აუდიტორიები, რომლებშიც 25 000-ზე ნაკლები მომხმარებლის შესაბამისობა დადასტურდა, ნაჩვენებია სტატუსით „მზადაა“ და შენიშვნით „მხოლოდ გამორიცხვისთვის“.
„ვერ შესრულდა“ ნიშნავს, რომ ფაილი ვერ დამუშავდა. ხელახლა ცდამდე შეამოწმეთ, რომ ფაილი არის UTF-8 კოდირების გამართული CSV ან TXT ფაილი, იყენებს მხარდაჭერილი ტიპის იდენტიფიკატორებს და აკმაყოფილებს ზომისა და ფორმატირების მოთხოვნებს.
ზოგიერთი შუალედური სტატუსი, როგორიცაა „ატვირთვის მოლოდინშია“, „მიმდინარეობს ინდექსაცია“ ან „ქვეყნდება“, ნიშნავს, რომ აუდიტორია ჯერ მზადების პროცესშია და მისი გამოყენება ჯერ შეუძლებელია.
მორგებული აუდიტორიების გამოყენება კამპანიაში
ევროპის ეკონომიკურ სივრცეზე (EEA) ან შვეიცარიაზე გათვლილ კამპანიებში ნუ გამოიყენებთ მორგებულ აუდიტორიებს, სანამ იქ რეკლამების პერსონალიზაცია მიუწვდომელია.
კამპანიაში მორგებული აუდიტორიების გამოსაყენებლად:
შექმენით ან ჩაასწორეთ კამპანია რეკლამების მმართველში.
კამპანიის პარამეტრებში გადადით განყოფილებაში „მორგებული აუდიტორიები“.
რეკლამა მხოლოდ არჩეულ აუდიტორიებს რომ ეჩვენოთ, აირჩიეთ „აუდიტორიის ჩართვა“ და მიუთითეთ ერთი ან რამდენიმე მზა მორგებული აუდიტორია.
არჩეულ აუდიტორიებს რეკლამა რომ არ ეჩვენოთ, აირჩიეთ „აუდიტორიის გამორიცხვა“ და მიუთითეთ ერთი ან რამდენიმე მზა მორგებული აუდიტორია.
შეამოწმეთ კამპანიის პარამეტრები, შემდეგ შეინახეთ კამპანია.
ერთი კამპანიის ფარგლებში შეგიძლიათ აუდიტორიის ჩართვა, გამორიცხვა ან ორივე მოქმედების გამოყენება:
მხოლოდ ჩართვა: კამპანიის რეკლამები შეიძლება ეჩვენოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც სულ მცირე ერთ ჩართულ აუდიტორიაში შედიან.
მხოლოდ გამორიცხვა: კამპანიის რეკლამები შეიძლება ეჩვენოთ ფართო აუდიტორიას, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც რომელიმე გამორიცხულ აუდიტორიაში შედიან.
ჩართვა და გამორიცხვა ერთად: კამპანიის რეკლამები შეიძლება ეჩვენოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც სულ მცირე ერთ ჩართულ აუდიტორიაში შედიან, გარდა მათი, ვინც გამორიცხულ აუდიტორიაშიც შედის. თუ ჩართულ და გამორიცხულ აუდიტორიებს ერთად იყენებთ, გამორიცხვის შემდეგ დარჩენილი აუდიტორია კვლავ უნდა აკმაყოფილებდეს ჩართვით ტარგეტირებისთვის საჭირო მინიმალურ ზომას — სულ მცირე 25 000 მომხმარებელს, რომლის შესაბამისობაც დადასტურდა.
გაითვალისწინეთ, რომ ერთსა და იმავე კამპანიაში მორგებული აუდიტორია ერთდროულად ჩართული და გამორიცხული ვერ იქნება.
შეთავაზებული ფასის კორექტირება აუდიტორიის მიხედვით რეკლამების ჯგუფებში
რეკლამების ჯგუფის დონეზე ფასის კოეფიციენტის დასაყენებლად:
შექმენით ან ჩაასწორეთ რეკლამების ჯგუფი რეკლამების მმართველში.
გახსენით „გაფართოებული პარამეტრები“.
გადადით განყოფილებაში „შეთავაზებული ფასის კორექტირება აუდიტორიის მიხედვით“.
აირჩიეთ „კოეფიციენტის დამატება“.
აირჩიეთ მზა მორგებული აუდიტორია.
შეიყვანეთ კოეფიციენტი 0.1x-დან 10x-მდე.
საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ სხვა კოეფიციენტებიც, შემდეგ შეინახეთ რეკლამების ჯგუფი.
ფასის კოეფიციენტი ზრდის ან ამცირებს რეკლამების ჯგუფის მაქსიმალურ შეთავაზებულ ფასს, როდესაც მნახველი არჩეულ მორგებულ აუდიტორიაში შედის. მაგალითად, შეგიძლიათ დააყენოთ 2x კოეფიციენტი თქვენთვის განსაკუთრებით ღირებული მომხმარებლებისთვის, 5x — მათთვის, ვისაც თქვენს ბრენდთან ადრეც ჰქონია ინტერაქცია, ხოლო 0.5x — ნაკლებად პრიორიტეტული აუდიტორიებისთვის.
თუ მნახველი ერთზე მეტ არჩეულ მორგებულ აუდიტორიაში შედის, გამოიყენება შესაბამისი კოეფიციენტებიდან ყველაზე მაღალი. ფასის კოეფიციენტები არ განსაზღვრავს, ვის შეიძლება ეჩვენოს კამპანია.
აუდიტორიის ატვირთული ფაილების შენახვა
აუდიტორიის ატვირთული ფაილები დამუშავების შემდეგ იშლება, ჩვეულებრივ, ატვირთვიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
იდენტიფიკატორების ფორმატირების წესები
ყველა ატვირთული ფაილი სწორად უნდა იყოს კოდირებული UTF-8 ფორმატში. თუ ფაილი სხვა ხელსაწყოდან გაგაქვთ, ატვირთვამდე ხელახლა შეინახეთ UTF-8 კოდირების CSV ან TXT ფაილად.
ელფოსტის მისამართი
გამოიყენეთ სწორი ელფოსტის მისამართი, რომელიც ერთ @ სიმბოლოს შეიცავს.
მთავრული ასოები დასაშვებია და ნორმალიზებისას პატარა ასოებად გარდაიქმნება.
დასაწყისსა და ბოლოში არსებული ჰარები იშლება.
ელფოსტის მისამართის შიგნით ჰარები დაუშვებელია.
ტელეფონის ნომერი
გამოიყენეთ E.164 ფორმატი, + ნიშნითა და ქვეყნის კოდით.
ნორმალიზებისას ჰარები, ტირეები, ფრჩხილები და წერტილები იშლება.
ტელეფონის ნომრები ქვეყნის კოდის გარეშე არ მიიღება.
SHA-256-ით ჰეშირებული ელფოსტის მისამართი
ჰეშირება გაუკეთეთ ნორმალიზებულ ელფოსტის მისამართს: პატარა ასოებით, დასაწყისისა და ბოლოს ჰარების გარეშე.
ატვირთული მნიშვნელობა უნდა იყოს SHA-256 ჰეშის 64-სიმბოლოიანი თექვსმეტობითი ჩანაწერი.
SHA-256-ით ჰეშირებული ტელეფონის ნომერი
ჰეშირება გაუკეთეთ E.164 ფორმატში ნორმალიზებულ ტელეფონის ნომერს, + ნიშნისა და ქვეყნის კოდის ჩათვლით.
ატვირთული მნიშვნელობა უნდა იყოს SHA-256 ჰეშის 64-სიმბოლოიანი თექვსმეტობითი ჩანაწერი.
Google-ის სარეკლამო იდენტიფიკატორი (GAID)
გამოიყენეთ Google-ის სწორი სარეკლამო იდენტიფიკატორი.
არ წაშალოთ ტირეები და არ გაუკეთოთ მნიშვნელობას ჰეშირება.
