მიმოხილვა
OpenAI Presence არის მართვადი კორპორაციული პლატფორმა კონტროლს დაქვემდებარებული ხელოვნური ინტელექტის აგენტების შესაქმნელად, დასანერგად, გამოსაყენებლად და მუდმივად გასაუმჯობესებლად — დიდი მოცულობისა და მაღალი პასუხისმგებლობის სამუშაო პროცესებისთვის.
Presence აერთიანებს OpenAI-ის მოდელებსა და ხელსაწყოებს, რომლებიც ორგანიზაციებს სჭირდებათ პოლიტიკის წესებისა და ნებართვების განსაზღვრისთვის, ბიზნესსისტემების დასაკავშირებლად, აგენტის ქცევის შესამოწმებლად, რეალურ სამუშაო გარემოში შედეგების მონიტორინგისა და ადამიანების ჩართვისთვის, როცა მათი შეფასებაა საჭირო.
ამ სტატიაში მოცემულია ზოგადი მიმოხილვა. კონკრეტული ფუნქციები, მოდელები, არხები, წარმადობა, მონაცემთა დამუშავების წესები, ფასები და მომსახურების ვალდებულებები თითოეული დანერგვისთვის ცალ-ცალკე განისაზღვრება.
ვისთვისაა განკუთვნილი OpenAI Presence?
OpenAI Presence განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ მასშტაბური, განმეორებადი სამუშაო პროცესები და სჭირდებათ მკაცრი მართვა, საიმედოობა და ოპერაციული ზედამხედველობა. საწყის ეტაპზე განსაკუთრებით პერსპექტიულია მომხმარებელთა მხარდაჭერა და ხმოვანი კომუნიკაცია, თუმცა Presence გამოიყენება როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის, ისე შიდა სამუშაო პროცესებისთვის.
Presence ამჟამად ხელმისაწვდომია შეზღუდული ზოგადი ხელმისაწვდომობის (შეზღუდული GA) ფარგლებში, მართვადი დანერგვის ფორმით (იხილეთ ქვემოთ). ეს არ არის თვითმომსახურების პროდუქტი. წვდომა დამოკიდებულია სამუშაო პროცესთან შესაბამისობაზე, დანერგვისთვის მზაობასა და დანერგვის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომ რესურსებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით OpenAI-ის წარმომადგენელს, რომელიც თქვენს ანგარიშს ემსახურება.
რისი გაკეთება შეუძლია Presence-ის აგენტს?
Presence-ის აგენტის კონფიგურაცია შესაძლებელია ისე, რომ მან:
დაიცვას დამტკიცებული ინსტრუქციები, სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (SOP) და ორგანიზაციის პოლიტიკა.
გამოიყენოს დამტკიცებული ცოდნის წყაროები და ბიზნესსისტემებს დაუკავშირდეს API-ებისა და განსაზღვრული ნებართვების მქონე ხელსაწყოების მეშვეობით.
მოიძიოს ინფორმაცია, განაახლოს სისტემები და შეასრულოს ნებადართული მოქმედებები.
კომუნიკაციისთვის გამოიყენოს მხარდაჭერილი ხმოვანი ან ჩატის არხები, კონკრეტული დანერგვის მიხედვით.
საკითხი გადააბაროს ადამიანს ან მხარდაჭერის სხვა არხს, როცა პოლიტიკა, რისკი ან სამუშაო პროცესი ადამიანის შეფასებას მოითხოვს.
კონკრეტული შესაძლებლობები და ინტეგრაციები დასტურდება ტექნიკური სამუშაოების ფარგლების განსაზღვრისას.
როგორ ხდება Presence-ის აგენტის მართვა და კონტროლი?
Presence მოიცავს კონტროლის მექანიზმებს აგენტების ტესტირებისა და რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებისთვის. კონკრეტული დანერგვის მიხედვით, ეს შეიძლება მოიცავდეს:
სიმულაციებსა და შეფასებებს, რომლებიც გაშვებამდე ამოწმებს გავრცელებულ სამუშაო პროცესებსა და არასტანდარტულ შემთხვევებს.
დამცავ შეზღუდვებს, ნებართვებსა და დამტკიცების ეტაპებს, რომლებიც განსაზღვრავს, რისი გაკეთება შეუძლია აგენტს.
სესიების ჩანაწერებს, მოქმედებების ისტორიასა და ხარისხის მაჩვენებლებს, რომელთა განხილვაც გუნდებს აგენტის გაუმჯობესებაში ეხმარება.
ადამიანისთვის საკითხის გადაბარების გზებს, მიმღები გუნდისთვის სტრუქტურირებული კონტექსტის მიწოდებით.
ახალი ვერსიების კონტროლირებადი გაშვების, მონიტორინგისა და წინა ვერსიაზე დაბრუნების პროცესებს.
კონტროლის ეს მექანიზმები ორგანიზაციებს ეხმარება, გაშვებამდე შეაფასონ ცვლილებები და რეალური მუშაობის მონაცემებზე დაყრდნობით გააუმჯობესონ აგენტი ისე, რომ კონტროლი თავად შეინარჩუნონ.
როგორ მიმდინარეობს დანერგვა?
OpenAI-ის მომხმარებელთან უშუალოდ მომუშავე დანერგვის ინჟინრები, შერჩეული პარტნიორები ან ორივე ერთად მომხმარებელთან თანამშრომლობენ მართვადი პროცესის ფარგლებში, რომელიც, ჩვეულებრივ, მოიცავს:
ბიზნესისთვის სასურველი შედეგების, წარმატების კრიტერიუმებისა და საწყისი სამუშაო პროცესების განსაზღვრას.
საჭირო სისტემების დაკავშირებას და პოლიტიკის წესების, ნებართვებისა და ესკალაციის გზების სისტემაში ასახვას.
დასანერგი სისტემის შემოწმებას უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და სამართლებრივი მოთხოვნების კუთხით.
სიმულაციების, შეფასებებისა და მიღების ტესტირების ჩატარებას.
რეალურ სამუშაო გარემოში კონტროლირებად, ეტაპობრივ გაშვებას და შედეგების მონიტორინგს.
მიღებული მონაცემების განხილვას და დროთა განმავლობაში შემოწმებული გაუმჯობესებების დანერგვას.
მხოლოდ დოკუმენტების მიწოდება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ Presence-ის აგენტი რეალურ სამუშაო გარემოში გამოსაყენებლად მზად იყოს. ყოველი დანერგვა გაშვებამდე მოითხოვს სამუშაოს ფარგლების განსაზღვრას, ინტეგრაციას, ტესტირებას, შემოწმებასა და დამტკიცებას.
რომელ არხებს უჭერს მხარს OpenAI Presence?
შეზღუდული GA-ს პერიოდში Presence მხარს უჭერს ხმოვანი კომუნიკაციით ან ჩატით წარმართულ დიალოგურ სამუშაო პროცესებს. თითოეული დანერგვისთვის ცალკე დასტურდება ხელმისაწვდომი არხი, საკონტაქტო ცენტრთან ინტეგრაცია, მიმართვების გადამისამართების, ავთენტიფიკაციისა და ადამიანისთვის გადაბარების სქემები.
OpenAI-ის რომელ მოდელებს იყენებს Presence?
Presence იყენებს OpenAI-ის მოდელებს. მოდელის კონფიგურაცია შეირჩევა სამუშაო პროცესის შესაბამისად და შეიძლება აერთიანებდეს რეალურ დროში ინტერაქციას უფრო სიღრმისეულ მსჯელობასთან ან ხელსაწყოების გამოყენებასთან. კონკრეტული კონფიგურაციის ვარგისიანობა მოწმდება თითოეული დანერგვისთვის და ის შეიძლება შეიცვალოს სამუშაო პროცესის განვითარებასთან ერთად.
როგორ ხდება მონაცემთა დამუშავება და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა?
მონაცემთა დამუშავების წესები თითოეული დანერგვისთვის ცალ-ცალკე განისაზღვრება და მოწმდება. ეს მოიცავს იმას, თუ რომელ მონაცემებზე აქვს აგენტს წვდომა, რა აღირიცხება ჟურნალებში, როგორ იშლება ან ინიღბება სენსიტიური ინფორმაცია, რამდენ ხანს და სად ინახება მონაცემები და ვის აქვს მათზე წვდომა.
გაეცანით თქვენი დანერგვისთვის დამტკიცებულ არქიტექტურას, უსაფრთხოების დოკუმენტაციასა და ხელშეკრულებას. Presence-ის კონფიგურაცია სხვადასხვა დანერგვისას შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომ ამ დეტალების შესახებ საბოლოო ინფორმაცია თქვენი დანერგვის დოკუმენტაციაშია მოცემული.
რით განსხვავდება OpenAI Presence ChatGPT-ის სამუშაო სივრცის აგენტებისგან?
OpenAI Presence ცალკე, მართვადი კორპორაციული პროდუქტია რეალურ გარემოში მიმდინარე სამუშაო პროცესებისთვის, რომლებიც საჭიროებს ინტეგრაციებს, ტესტირებას, დამცავ შეზღუდვებს, მონიტორინგსა და დანერგვის მხარდაჭერას.
ChatGPT-ის სამუშაო სივრცის აგენტების Enterprise-ისა და Business-ისთვის შექმნა, გამოყენება, გაზიარება და მართვა ხდება ChatGPT-ისა და Slack-ის მხარდაჭერილ სამუშაო სივრცეებში. Presence-ის აგენტების სამუშაოს ფარგლები განისაზღვრება და მათი დანერგვა ხდება OpenAI-სთან, შერჩეულ დანერგვის პარტნიორთან ან ორივესთან ერთად; ისინი არ იქმნება ChatGPT-ის სამუშაო სივრცის აგენტის ინტერფეისით.
როგორ მივიღო წვდომა OpenAI Presence-ზე?
დაუკავშირდით OpenAI-ის გუნდს, რომელიც თქვენს ანგარიშს ემსახურება, რათა განიხილოთ წვდომის პირობები, სამუშაო პროცესთან შესაბამისობა, დანერგვისთვის მზაობა და მის მხარდასაჭერად ხელმისაწვდომი რესურსები. ფასები და დანერგვის სამუშაოების ფარგლები თითოეული მომხმარებლისა და დანერგვისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.
