ChatGPT-სივრცე არის ადგილი თქვენი ფაილებისა და გვერდებისთვის ChatGPT-ში. ის ბიბლიოთეკას ანაცვლებს, თქვენი პროექტები კი უცვლელი რჩება. გვერდები რედაქტირებადი დოკუმენტებია, რომლებიც შეგიძლიათ სხვა გვერდებში მოაწესრიგოთ და მათზე სხვებთან ერთად იმუშაოთ.
ერთობლივი მუშაობისას თითოეულ ადამიანს შეუძლია გაზიარებულ შიგთავსზე სამუშაოდ საკუთარი ChatGPT აგენტი გამოიყენოს.
მართეთ გვერდზე წვდომა
შეგიძლიათ აირჩიოთ, ვის გაუზიაროთ გვერდი და მიანიჭოთ მას ნახვის ან რედაქტირების უფლება. თქვენ მიერ გაზიარებულ გვერდებზე შეგიძლიათ შეამოწმოთ, ვის აქვს წვდომა, შეცვალოთ მათი ნებართვები, წაშალოთ თანამონაწილეები ან გააუქმოთ წვდომა.
მართულ სამუშაო სივრცეში ასევე მოქმედებს ადმინისტრატორის მიერ დაწესებული გაზიარების წესები. თუ გაზიარების რომელიმე ვარიანტი არ ჩანს, შეამოწმეთ, სწორ ანგარიშსა და სამუშაო სივრცეში ხართ თუ არა, გაძლევთ თუ არა თქვენი როლი ამ მოქმედების უფლებას და ნებადართულია თუ არა ადმინისტრატორის მიერ თქვენთვის სასურველი ტიპის გაზიარება.
გვერდის წაშლა მის შემქმნელს ან მფლობელს შეუძლია.
გაიგეთ, რისი ნახვა შეუძლიათ სხვებს
გვერდის გაზიარებით სხვებს წვდომას აძლევთ ამ გვერდის შიგთავსზე, რომელზეც მათი წვრთნისა და მეხსიერების პარამეტრები ვრცელდება. ამით მათ არ ეძლევათ წვდომა თქვენს პირად ჩატებზე ან თქვენი ChatGPT-ის მეხსიერებაზე. თითოეული ადამიანი საკუთარ ChatGPT-სთან მუშაობს.
თუ მეხსიერება ჩართულია, ChatGPT-მ შეიძლება პირადი კონტექსტი გამოიყენოს, როცა გვერდის დაწერაში ან განახლებაში გეხმარებათ. როგორც კი ეს ინფორმაცია გვერდზე ჩაიწერება, მისი წაკითხვა ყველას შეეძლება, ვისაც გვერდის ნახვის უფლება აქვს. გაზიარებამდე გადაამოწმეთ გვერდის შიგთავსი.
მაგალითად, თუ ChatGPT პროექტის მოკლე აღწერის დაწერისას წინა საუბრიდან რაიმე ინფორმაციას იყენებს, ეს ინფორმაცია ხილული ხდება მათთვის, ვისაც აღწერის წაკითხვა შეუძლია. მათმა ChatGPT-მ შეიძლება მისგან შესაბამისი ინფორმაცია დაიმახსოვროს, თუ მათ მეხსიერება ჩართული აქვთ — მაშინაც კი, თუ თქვენი გამორთულია. თავად თქვენი წინა საუბარი არ ზიარდება.
გააზიარეთ ფაილები და ბმულები
გვერდზე ატვირთულ ფაილებზე ამ გვერდის ნებართვები ვრცელდება. ვისაც გვერდზე წვდომა აქვს, ამ ატვირთულ ფაილებზეც მიუწვდება ხელი.
ცალკე შენახული ფაილის ბმულის დამატება მკითხველებს ავტომატურად არ აძლევს მისი გახსნის უფლებას. ეს ეხება როგორც ChatGPT-სივრცეში, ისე გარე სერვისებში შენახულ ფაილებს.
გარე სერვისში შენახულ ფაილზე კვლავ ამ სერვისის წვდომის ნებართვები მოქმედებს. გვერდის გაზიარება ამ ნებართვებს არ ცვლის. თუმცა ამ ფაილიდან გვერდზე გადმოკოპირებული ან შეჯამებული ინფორმაცია ხილული ხდება მათთვის, ვისაც გვერდის ნახვა შეუძლია — მაშინაც კი, თუ თავდაპირველ ფაილს ვერ ხსნიან.
გაიგეთ, როგორ მუშაობს მოდელის წვრთნა
როდესაც აგენტი გვერდს იყენებს, გვერდის შიგთავსი, რომელსაც ის კითხულობს ან წერს, შეიძლება ამ აგენტთან ინტერაქციის ნაწილი გახდეს.
პირადი ანგარიშები
მოდელის წვრთნისთვის ამ ინტერაქციის გამოყენება დამოკიდებულია იმ ადამიანის პარამეტრებზე, რომელიც აგენტს იყენებს. თუ ნებას რთავთ, რომ თქვენი ინტერაქციები მოდელების გასაუმჯობესებლად გამოიყენონ, მათში შეიძლება შედიოდეს შიგთავსიც, რომელსაც თქვენი აგენტი კითხულობს, წერს ან გაზიარებულ გვერდზე ამატებს.
თუ თქვენ მიერ გაზიარებულ გვერდს სხვა ადამიანის აგენტი იყენებს, ამ ინტერაქციაზე იმ ადამიანის წვრთნის პარამეტრები ვრცელდება. წვრთნის თქვენი პარამეტრი მის პარამეტრს არ განსაზღვრავს.
წვრთნის პარამეტრების მართვა შეგიძლიათ აქ: პარამეტრები → მონაცემების მართვა → მოდელის გაუმჯობესება ყველასთვის. მონაცემების გამოყენებაზე უარის თქმისა და უკუკავშირის დამუშავების შესახებ დეტალები იხილეთ სტატიაში მონაცემების მართვა ChatGPT-ში.
ChatGPT Business და Enterprise
ნაგულისხმევად, OpenAI ბიზნესისა და კორპორაციული მომხმარებლების მონაცემებს წვრთნისთვის არ იყენებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კორპორაციული კონფიდენციალურობა OpenAI-ში.
შიგთავსის გასაჩივრება
გვერდის ან არტეფაქტის გასაჩივრებისთვის, რომელიც შესაძლოა OpenAI-ის წესებს არღვევდეს, გამოიყენეთ შიგთავსის გასაჩივრების ფორმა. მიუთითეთ გასაჩივრებული ელემენტის ბმული და მოკლედ აღწერეთ პრობლემა. პირადი შიგთავსის გასაჩივრებისთვის მისი გასაჯაროება საჭირო არ არის.
